კვირას სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰაიტიში აშშ საელჩოს დასაცავად და პერსონალის ევაკუაციისთვის საზღვაო ქვეითები გაგზავნა.
აშშ-ს სამხედროებმა საჰაერო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში აწარმოეს სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნით - ნათქვამია აშშ-ის სამხრეთ სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2021 წელს ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ, კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ომი გაძლიერდა, რამაც ქვეყანა მასობრივი ძალადობის კიდევ ერთ ტალღაში მიიყვანა. კარიბის ზღვის აუზის ქვეყანაში ძალაუფლების ვაკუუმებმა საშუალება მისცა ბანდების მეთაურებს გაეძლიერებინათ კონტროლი. ჰაიტის პრემიერ მინისტრი არიელ ჰენრი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ქვეყანაში შესვლას იმის გამო, რომ აეროპორტი ძალადობრივი ბანდების თავდასხმის ქვეშაა.
„პერსონალის ეს საჰაერო გადაყვანა საელჩოში და მის გარეთ შეესაბამება ჩვენს სტანდარტულ პრაქტიკას საელჩოს უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ მთელ მსოფლიოში. არც ერთი ჰაიტიელი არ იმყოფებოდა სამხედრო თვითმფრინავში.“ - ნათქვამია განცხადებაში.
ბანდები თავს დაესხნენ მთავარ საზღვაო პორტს მას შემდეგ, რაც მრავალი პოლიციის განყოფილებაზე დაიკავეს კონტროლი, შემდეგ კი მათ ქვეყნის ორ უდიდეს ციხეზე იერიშით ათასობით პატიმარი გაათავისუფლეს, მათ შორის ცნობილი ბანდის ლიდერები.
2024 წლის დასაწყისში, დემოკრატიულად არჩეული ლიდერები ჰაიტიდან გაძევებულნი იქნენ, რადგან მთავრობა ვერ ახერხებს არჩევნების ჩატარებას ბანდების მასიური ძალადობის გამო. კრიტიკოსების აზრით, ქვეყანა დე ფაქტო „დიქტატურად“ იქცა და დემოკრატიის ინდექსი დღითიდღე უარესდება.