ტერმინი ჰაკერი ნობელის პრემიის მფლობელ ცნობილ მათემატიკოსს ჯონ ნეშს (John Nash) ეკუთვნის. თავდაპირველი მნიშვნელობით ეს სიტყვა ნიშნავდა ადამიანს, რომელიც მოკლე გზას პოულობდა პრობლემის გადასაწყვეტად. პირველი ჰაკერული ინცინდენტი 1972 წელს მოხდა, როდესაც ჯონ დრეიპერმა სასტვენის საშუალებით სატელეფონო სადგურის მოტყუება მოახერხა (იხ. ჰაკერების შესახებ ჯონ დრეიპერი) ადამიანის მთავარი ღირსება ინდივიდუალიზმია. ის გამოარჩევს მას სხვებისაგან. ინდივიდუალიზმისთვის საჭიროა არ გავდე სხვებს, იყო დამოუკიდებელი აზროვნებასა და მოქმედებაში, დაარღვიო სტერეოტიპები, გაცდე ზღვარს, რასაც პარადოქსია, მაგრამ ჩვენ თვითონვე ვქმნით – დაახლოებით ასე ჟღერს ჰაკერის მოტივაცია. მართლაც, მათ საქმიანობას საკმაოდ დიდი ფილოსოფიური ბაზაც გააჩნია. ადამიანი გამუდმებით ცდილობს თავი შეიზღუდოს და ამასთან იყოს თავისუფალი. ჩვენ ვქმნით კანონებს, რომლებსაც თავადვე ვარღვევთ. ვქმნით ვირტუალურ სივრცეს, ბარიერებს ინტერნეტში, რომლებსაც ჩვენვე ვლახავთ. ბარიერების გადალახვა კი განთავისუფლების გრძნობას, გაქცევის ილუზიას გავს. ეს ადამიანური ბუნებაა და მას ვერავინ შეცვლის. ჰაკერებიც ამ ცხოვრებისეული კანონზომიერების ერთგვარი მიმდევრები არიან. ქმნიან სივრცეს საზღვრებით და თვითონვე არღვევენ მას. თუმცა მათი მოქმედება მხოლოდ ამ კანონზომიერებით არ არის განპირობებული. მთავარ მოტივატორად მეტწილად მაინც მატერიალური ასპექტები გვევლინება. ძნელია იმის გარკვევა თუ ვინ და რატომ აკეთებს ამას. მაგრამ ერთი რამ უდაოა, მათ ეს დღემდე კარგად გამოსდით და სწორედ ამიტომაც ისინი წარმოადგენენ მთავარ საფრთხეს ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰაკერული მოქმედებები ხშირად ატარებენ ისეთივე ხასიათს და ემსახურებიან ისეთ მიზნებს, როგორც სხვდასხვა სპეცსამსახურების სადაზვერვო აქტივობები, მაშინ ნათლად დავინახავთ, რომ ჰაკერები ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ რგოლს შეიძლება წარმოადგენდნენ სადაზვერვო საქმიანობის ორგანიზაციაშიც. როგორც დამნაშავეები, ჰაკერები საინტერესო, ამოუცნობი და რთულად პროგნოზირებადი სუბიექტები არიან. დამნაშავის ნებისმიერი ტიპი ისევე როგორც ეს კონკრეტული, ფორმირდება დანაშაულის პრეცედენტით. შემდეგ ეს პრეცედენტი ხშირ შემთხვევად იქცევა, დამნაშავეც იხვეწება და ვითარდება. დანაშაულებრივი მოქმედების პარალელურად იგი ცდილობს თავის ქცევას გამართლება უპოვოს და ამ ძიებაში ამყარებს საკუთარ მოტივაციას. სწორედ მოტივაცია არის ის ხედვა, რაც მათ აქვთ ცხოვრებაზე. ჰაკერები ყოველთვის ვითარდებოდნენ ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად და რაც მთავარია ისინი თანდათან იცვლებოდნენ. მათ უყალიდბებოდათ და ეცვლებოდათ ფასეულობები. ბოლოს მოხდა ის, რომ შესაცვლელი აღარაფერი დარჩათ. მათ აღარ გააჩნიათ ფასეულობები. მათი იდეოლოგიური წინაპრები დიდი ინტელექტუალები იყვნენ, რომლებიც ინფორმაციული თავისუფლების იდეის გარშემო იბრძოდნენ. ანუ, იმ დროინდელი ჰაკერების მოტივი მატერიალურისგან შორს იყო. დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. ვირტუალურმა გაუსწრო რეალურს და კომპიუტერი დანაშაულის იარაღად იქცა. ჰაკერები არსებობენ იმ სამყაროში რომელსაც თვითონვე ქმნიან და რომელიც ერთგვარი თავშესაფარია მათთვის. ისინი ცხოვრობენ კიბერსივრცეში, ციფრების გარემოცვაში, ნულებსა და ერთებს შორის ცხოვრობენ, შესაბამისად მათთვის ინფორმაციის მოძიება პრობლემას არ წარმოადგენს. ისინი არ გვანან ჩვეულებრივ ადამიანებს. სად უნდა ვეძებოთ ასეთი საშიში იარაღის ფორმირების მიზეზი?.. მხოლოდ ინტერესი?!. ფული?!. როგორ იქცევა ადამიანი ვირტუალურ დამნაშავედ?.. – როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს თვითრეალიზაციას, საკუთარი ძალების სწორი მიმართულებით წარმართვას, იგი პოტენციური დამნაშავე ხდება, რადგან მისი შესაძლებლობები, როგორც წესი დანაშაულებრივ ქმედებებში იოლად რეალიზებადია. ასევე ყალიბდებიან ჰაკერების უმრავლესობაც. ისინი გრძნობენ, რომ ბევრად მეტი იციან და შეუძლიათ ვიდრე სხვებს, რომ ნელ-ნელა ყველაფერი რაც გარშემო ხდება მათთვის მომაბეზრებელი და უინტერესო ხდება. უფრო მეტს თხოვენ საკუთარ თავს და უფრო მეტი სურთ ვიდრე არსებულ გარემოში შეუძლიათ მიიღონ. ამ დროს კი მათ ცხოვრებაში ჩნდება კომპიუტერი. ინტერნეტი ერთგვარი თავშესაფარია ასეთი ადამიანებისთვის. ისინი ნელ-ნელა სწავლობენ მასთან ურთიერთობას და თანდათან ხვდებიან, რომ კომპიუტერიც უშვებს შეცდომებს, რაც უფრო აახლოებს მას ადამიანთან. ნელ-ნელა ყალიბდება კანონზომიერებები, კანონები, რომლებიც ბოლოს ერთად იყრიან თავს და დიდ ცოდნად, მძლავრ იარაღად იქცევიან. ზუსტად არავინ იცის ვინ სად და როგორ იწყებს... მათთვის ინტერნეტი მეორე სახლია, ახალი სამყარო, სადაც ყველას იცნობენ, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა არც კი უნახავთ.
ლაშა პატარაია
კიბერ უსაფრთხოებისა და ეთიკური ჰაკინგის სწავლა ახლა უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. იხილეთ CASE-ის სპეციალური სერტიფიცირებული კურსი მეტი ინფორმაციისთვის: CASE-SD5-CSP