თვითმკვლელთა ტერორიზმი
რატომ არის თვითმკვლელთა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო რთული, რა განასხვავებს მას სხვა სახის ტერორიზმისგან და რა სტრატეგიული ლოგიკით მოქმედებენ თვითმკვლელთა ტერორისტები - სწორედ ამ საკითხების შესახებ იქნება საუბარი წინამდებარე ბლოგში.
ტერორიზმი საკუთარი ძალადობრივი ბუნებიდან გამომდინარე პირდაპირ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქციაა საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორისტული ჯგუფების თავდასხმები სამიზნე სახელმწიფოს მოქალაქეებსა და სამოქალაქო ობიექტებზე (რათა აიძულოს დემოკრატიები მისი პოლიტიკური, რელიგიური, იდეოლოგიური მიზნები დააკმაყოფილოს) პირდაპირ ემუქრება სუვერენული სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებას.
თვითმკვლელთა ტერორიზმი ( სუიციდური ტერორიზმი) უფრო მეტად უქმნის საფრთხეს სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებას, ვიდრე სხვა სახის ტერორიზმი, როგორიცაა ნაციონალისტური, რელიგიური, თუ კიბერ ტერორიზმი. რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი საფრთხის შემცველია, მაგრამ თვითმკლველი ტერორისტის, რომელიც თავს ესხმის ისეთ სამიზნეებს, სადაც უფრო მეტი სამოქალაქო პირია, აღკვეთის საშუალებები ბევრად უფრო რთულია.
დემონსტრაციული ტერორიზმისგან (რომლის მიზანი ძირითადად მიმართულია საზოგადოების ყურადღების მიპყრობაზე) და დამანგრეველი ტერორიზმისგან განსხვავებით (ძირითადი მიზანი ოპონენტების იძულება და საქმის მხარდამჭერთა მობილიზებაა) თვითმკლელთა ტერორიზმი უფრო აგრესიული ფორმაა, რომელიც იძულების ინსტრუმენტს იმ შემთხვევაშიც კი იყენებს, თუ ამით საკუთარ საზოგადოებაში მხარდამჭერებს დაკარგავენ. თვითმკლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული თავდასხმისას მან კარგად იცის, რომ გადარჩენის შანსი არ აქვს, ამიტომ მათი მეთოდი მდგომარეობს საკუთარი თავის გაწირვით, მაქსიმალური შედეგის მიღწევაში, იქნება ეს თვითფრინავის შეჯახება, ავტობუსისა, თუ სასტუმროს აფეთქება. თვითმკვლელი ტერორისტები ცდილობენ მეტი ადამიანის დახოცვას, რაც იწვევს ტერორისტის მშობლიურ საზოგადოებაში მხარდამჭერების დაკარგვას, თუ დემონსტრაციული ტერორიზმის ერთ-ერთი მიზანი მეტი ადამიანის მოზიდვა და რეკრუტირებაა, თვითმკლელთა ტერორიზმი ასეთ დეტალებს თითქმის არ ითვალისწინებს და ორიენტირებულნი არიან რიცხობრივად მეტი მოქალაქის განადგურებისაკენ.
თვითმკვლელი ტერორიზმის სტრატეგიული ლოგიკა შემდეგში მდგომარეობს: (1) დროის შერჩევა - თვითმკვლელთა თავდასხმები ხორციელდება ორგანიზებული, თანმიმდევრული კანპანიების ფარგლებში, კარგადაა დაგეგმილი და არ არის სპონტანური; (2) ნაციონალისტური მიზნები - თვითმკვლელი ტერორიზმის ძირითადი მიზანია ტერიტორიის კონტროლი, რომელსაც საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია. ისინი განსაკუთრებულად ისწრაფვიან ამ ტერიტორიებიდან უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანისკენ. (3) სამიზნე შერჩევა - თვითმკვლელთა ტერორიზმის ძირითადი სამიზნე დემოკრატიული სისტემის მქონე სახელმწიფოებია.
მშვიდობიან მოსახლეობაში თვითმკვლელ ტერორისტთა ტერაქტები მით უფრო საზარელია, რადგან ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობენ მიზნის მიღწევას. არსებობს სამი გზა, რომელთა საშუალებითაც თვთმკვლელ ტერორისტთა მზაობა საკუთარი თავი გაწირონ, დასჯის მაიძულებელ ეფექტს ზრდის. (1) თვითმკვლელ ტერორისტთა აქტები უფრო დამანგრეველია, ვიდრე სხვა სახის ტერორისტული თავდასხმები. თვითმკვლელ ტერორისტთა ტერაქტების შესრულების ალბათობა უფრო მაღალია და ზარალიც კოლოსალურია. თვითმკვლელ ტერორისტებს ადვილად შეუძლიათ დაცულ ობიექტებში შეღწევა იმდენად, რამდენაც არ საჭიროებს მშველელთა რაზმებს და უკან გამობრუნების გეგმას. ასაფეთქებელი ნივთიერებების დამალვაც მოხერხებულად შეუძლიათ შაჰიდის ქამრების სახით, რომელსაც ადვილად ააფეთქებენ იქ, სადაც მეტი სამოქალაქო პირია, მაგალითად ავტობუსებსა, თუ რესტორნებში. (2) სუიციდური ტერორისტების მიერ განხორციელებული ტერაქტები უფრო დამაჯერებელია, რადგანაც თვითმკვლელობა ძვირი სიგნალია, ტანჯვა, კი, რომელიც სამიზნე სახელმწიფოს მოსახლეობას ემუქრება, მალე არ დასრულდება. თვითმკვლელ ტერორისტთა ოჯახები იღებენ მატერიალურ მხარდაჭერას, როგორც ტერორისტული ორგანიზაციებისგან, ასევე მხარდამჭერებისაგან. თვითმკვლელ ტერორისტს გარანტირებული აქვს მოწამის სტატუსი და სამოთხეში მოხვედრა, ამიტომ ისინი მოტივირებულნი არიან შეასრულონ „საშინაო დავალება“ პირნათლად. (3) თვითმკვლელ ტერორისტთა რეკრუტირება ხდება იმ საზოგადოებიდან, რომელიც ნეგატიურადაა განწყობილი სამიზნე სახელმწიფოს მიმართ.
ტერორიზმი, რომელიც მიმართავს დასჯის მაიძულებელ სტრატეგიას, პირდაპირ უქმნის საფრთხეს სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებას, იმ ღირებულებებს, რომლის დასაცავად სახელმწიფო მსხვერპლზეც კი წავა. სტატისტიკის მიხედვით, თვითმკლელ ტერორისტთა განხორციელებული ტერაქტების დროს, რომლებიც გამოირჩეოდა მცირემასშტაბიანი თავდასხმებითა და ნაკლები მსხვერპლით, სახელმწიფოები მზად იყვნენ დაეთმოთ მეორეხარისხოვანი ინტერესები, რომლებიც კეთილდღეობასა და უსაფთხოებას არ ეხებოდა, მაგალითად 1984 წელს ლიბანში აშშ-ს მეზღვაურებზე თავდასხმის შემდეგ (დაიღუპა 241 მეზღვაური), აშშ-მ გამოიყვანა სამხედრო ძალები ლიბანიდან, რომელიც უფრო ჰუმანიტარულ მისიას ემსახურებოდა, ვიდრე საკუთარი ინტერესების დაცვას.
სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო რთულია ისეთი სახის თვითმკვლელ ტერორისთა წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც გამოირჩევა უფრო რელიგიური მოტივებით, ვიდრე ნაციონალისტური განწყობებით. თუ ნაციონალისტურად განწყობილი ტერორისტულ ჯგუფთან მოლაპარაკებები შესაძლებელია, მაგალითად „ტამილ-ილამის განთავისუფლების ვეფხვები“, რომელმაც აიღო პაუზა და დაჯდა შრი-ლანკის ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად, რელიგიურად განწყობილ ტერორისტულ ჯგუფთან ეს უფრო რთული მოსაგვარებელია, რადგანაც მათ სწამთ საკუთარი „საღვთო ომის“ ურწმუნოთა წინააღმდეგ, საკუთარი თავგანწირვით კი მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებლად მოხვდებიან სამოთხეში.
ავტორი: სანდრო სარუხანიშვილი