ალ-ქაიდასა და ისლამური სახელმწიფოს დაპირისპირება
რატომ დაუპირისპირდა ორი ყველაზე გავლენიანი ტერორისტული ორგანიზაცია ერთმანეთს, როდის დაიწყო განხეთქილება. გარდა ამისა, წინამდებარე ბლოგში საუბარი იქნება იმაზე, თუ რა უპირატესობები აქვთ მათ ერთმანეთთან მიმართებაში.
2014 წლის თებერვლიდან, ISIS - მა შეწყვიტა არსებობა, როგორც ალ-ქაიდას ოფიციალურმა ერთეულმა, მაგრამ დარჩა ალ-ქაიდას ექსპანსიონისტური ძალისხმევის, გლობალიზაციისა და იდეოლოგიის ექსპორტის პროდუქტად .„Al-Qaeda in Iraq”-დან წარმოქმნილი, ისლამური სახელმწიფო გარკვეული ფორმით უკვე 1999 წლიდან არსებობდა.
იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რატომ დაინტერესდა ალ-ქაიდას ხელმძღვანელობა პაკისტანსა და ავღანეთში მეამბოხეების მცირე ჯგუფით ერაყში, აუცილებელია გავითვალისწინოთ იმ დროს არსებული რეალობა, კერძოდ აშშ-ს ინტერვენცია ერაყში. 9/11-ის მოვლენებმა დაასრულა ალ-ქაიდას არსებობა, როგორც ცენტრალიზებული, გაერთიანებული ჯგუფის, განსაზღვრული იერარქიითა და მმართველობის რგოლით, მაგრამ ავღანეთსა და პაკისტანში ალ-ქაიდას იძულებითმა გაბნევამ გამოიწვია დეცენტრალიზებული და ცალკეული ჯგუფების გაჩენა. ალ-ქაიდა გადაიქცა ქსელად. დღესაც, რთულია განასხვავო "ალ-ქაიდას ბირთვი" ცენტრალური ჯგუფისგან, რომელიც, თავდაპირველად, შეიკრიბა ოსამა ბინ ლადენის გარშემო და დღეს არსებობას განაგრძობს აიმან ალ-ზავაჰირის ხელმძღვანელობით და ქსელში შემავალი შვილობილი ორგანიზაციებით.
1999 წელი. „Jama’at al-Tawhid wal-Jihad”-ად წოდებული (მონოთეიზმისა და ჯიჰადის ჯგუფი), ან „JTJ”-ის, დაარსება აბუ მუსაბ ალ-ზარქაუის მიერ. ერაყში მცხოვრები წარმოშობით იორდანელი ქმნის სუნიტი ისლამისტების ჯგუფს იორდანიის მთავრობის დამხობის მიზნით.
2004-06 წლები. 2003 წელს ერაყში აშშ-ს არმიის შეჭრის შემდეგ, ალ-ზარქაუიმ ერთგულება აღუთქვა ოსამა ბინ ლადენს. ამ დროს ჯგუფს ეწოდება „Tanzim Qaidat al-Jihad fi Bilad al-Rafidayn“, რომელსაც ხშირად უწოდებენ "ალ-ქაიდას ერაყში.“ ჯგუფის ახალი მიზანი გახდა ბრძოლა აშშ-ს კოალიციის ჯარებსა და მათ ერაყელ მოკავშირეებთან. 2006 წლიდან ნური ალ-მალიკის უპირატესად შიიტური მთავრობა იწყებს სუნიტების განდევნას ხელისუფლებიდან.
2005-09 წლები. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ აბუ ბაკრ ალ ბაღდადი დაკავებულია და იმყოფება „Camp Bucca-ში“, დაკავების ბანაკში სამხრეთ-აღმოსავლეთ ერაყში, მხოლოდ რამდენიმე თვით, 2004 წელს გაზეთები, მათ შორის „Washington Post“ და „New York Times“ აცხადებენ, რომ ის იქ იმყოფებოდა ოთხი წლის განმავლობაში. დღეს ალ ბაღდადი არის ისლამური სახელმწიფოს ლიდერი.
2011 წელი. აშშ ასრულებს მისი ძალების გაყვანას ერაყიდან და "ერაყის ისლამური სახელმწიფო" აორმაგებს თავის რიგებს. ჯგუფი აგრძელებს თავდასხმებს შიიტური ტომის მილიციაზე, ერაყის პოლიციასა და ერაყის არმიაზე, რომელიც ძირითადად შიიტებისგან შედგება. მეზობლად, სირიაში, მარტში იწყება სამოქალაქო ომი.
2013 წლის ოქტომბერი. ალ-ქაიდას ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი მოითხოვს, რომ "ერაყისა და ლევანტის ისლამურმა სახელმწიფომ" დატოვოს ყოფილი მოკავშირე, სირიის მეამბოხე ჯგუფი „Al-Nusra Front“, რომელიც პასუხისმგებელია ოპერაციებზე ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წინააღმდეგ. ალ-ბაღდადი უარს აცხადებს.
2014 წლის იანვარი.სირია, ქალაქი რაქა, ხდება ჯგუფის პირველი დასაყრდენი, ჯგუფის დე ფაქტო დედაქალაქი.
2014 წლის თებერვალი. მიმდინარე შიდა კონფლიქტების შედეგად, „ISIL/ISIS“ (ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო/ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო) ემიჯნება ალ-ქაიდასა და ალ-ნუსრას. ISIS-ი ცვლის მიზანს და ალ-ასადის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად, იწყებს ისლამური ხალიფატის შექმნას, რომელიც მთელ რეგიონს მოიცავს.
2014 წლის 30 აპრილი. ერაყში არჩევნები ტარდება. პრემიერ-მინისტრის, ალ-მალიკის კოალიციამ პოზიცია გაიმყარა, რითაც, ერაყში 2008 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი ძალადობის ტალღა გამოიწვია.
2014 წლის 7 ივნისი. ISIS-ის მებრძოლები შტურმით იკავებენ ანბარის უნივერსიტეტს რამადიში, აფეთქებენ ხიდს და აკავებენ ათობით სტუდენტს.
2014 წლის 10 ივნისი. ISIS-ის მებრძოლები ერთ ღამეში იკავებენ ერაყის სიდიდით მეორე ქალაქს, მოსულს. ისინი იკავებენ სამთავრობო შენობებს, ციხეებსა და ტელევიზიებს. ერაყის არმიას მათი შეჩერება არ შეუძლია. ეს ISIS-ის მიმართ მედიის ყურადღებას იწვევს. მეზობელი ქვეყნები, საუდის არაბეთი და იორდანია იწყებენ საზღვრებზე პატრულირების გაძლიერებას.
2014 წლის 11 ივნისი. ISIS-ის მებრძოლები იკავებენ ქალაქ ტიკრიტს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, სთავაზობენ მხარდაჭერას ერაყის მთავრობას. ტოლვილები გარბიან ერაყის ქურთისტანში.
2014 წლის 15 ივნისი. მილიცია და მთავრობა ცდილობენ მასიური ხოცვის მტკიცებულებების დამალვას. ISIS-ი ათასობით მოკლული ერაყელი ჯარისკაცის სურათებს ინტერნეტში ავრცელებს, იმ ჯარისკაცებისა, რომლებიც ახლო მდებარე ბაზიდან ექსტრემისტების შიშით, გაქცევას ცდილობდნენ.
2014 წლის 29 ივნისი. ტერორისტული ჯგუფი ამოკლებს მის სახელს, მას "ისლამური სახელმწიფო" ერქმევა და ალ ბაღდადის ყველა მუსლიმანის ხალიფად აცხადებს.
დღეს, ISIS-ის რიგებში ათასობით მებრძოლია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ თვალსაზრისით, ალ-ქაიდას უკვე წაგებული აქვს პოზიციური ბრძოლა, როგორც ამბობენ ავსტრალიელი ექსპერტები. მებრძოლები ტოვებენ ალ-ქაიდას და უერთდებიან ISIS. ეს პროცესი დაიწყო 2014 წლის შემოდგომაზე, როდესაც ჯგუფები ეგვიპტიდან, ლიბიიდან, ალჟირიდან, იემენიდან და საუდის არაბეთიდან შეუერთდნენ ხალიფატს. ეგვიპტეში „Ansar Beit al-Maqdes“-მა გამოაცხადა თავი ისლამური სახელმწიფოს სინას პროვინციად. ავღანეთსა და პაკისტანში დაბალი რანგის ოფიცრები შეუერთდნენ ISIS. ნიგერიის ყველაზე ცნობილმა ჯგუფმა „Boko Haram”-მა აღუთქვა ერთგულება ISIS, როგორც ისლამური სახელმწიფოს პროვინციამ დასავლეთ აფრიკაში. მან მიიქცია რუსეთის წინააღმდეგ ამბოხებული ისლამისტების ყურადღება, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კავკასიის ემირატი. გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის თქმით, „Twitter”-ის მონაცემებით, ჯგუფში შედის 21,000-ზე მეტი ინგლისურენოვანი მიმდევარი მსოფლიოში, მათ შორის შეიძლება იყოს ათასობით აშშ-ში მაცხოვრებელი.
აღნიშნული უპირატესობა, ასევე, განპირობებულია ისლამურ სახელმწიფოსა და ალ-ქაიდას შორის არსებული სტრუქტურული და სტრატეგიული განსხვავებით. ISIS-ი არის გასამხედროებული ტიპის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც იკავებს და აკონტროლებს გარკვეულ ტერიტორიას. არის ძლიერი და დამოუკიდებელი ფინანსურად. 2015 წლის განმავლობაში, ისლამური სახელმწიფოს ნავთობის გაყიდვებიდან შემოსავალმა შეადგინა 400-500 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო სრული შემოსავალი 2015 წლის განმავლობაში 1 მილიარდი აშშ დოლარი.
ალ-ქაიდა მისგან განსხვავებით, არის უფრო ძლიერი ადამიანური რესურსების პოლიტიკის მხრივ. კერძოდ, განსაზღვრული HR პოლიტიკით, რომელიც გამორიცხავს ყველა მსურველის გაწევრიანებას ორგანიზაციაში, რაც ემსახურება როგორც კონსპირაციას მის შიგნით, ასევე კონსერვატიზმს ორგანიზაციის სტრატეგიის დაცვისას. ასევე, წევრების ერთგულებასა და სანდოობას. აღნიშნულის საჭიროება აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც ბევრი მებრძოლი გადავიდა ისლამური სახელმწიფოს მხარეს მაღალი ანაზღაურების გამო. ალ-ქაიდას ორი სულიერი ლიდერის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაცია ძლივს ფუნქციონირებს, მას შემდეგ, რაც დაკარგა ფული და ცოცხალი ძალა, სწრაფად მზარდი ისლამური სახელმწიფოს გაძლიერების ფონზე. აბუ ქათადა და აბუ მუჰამედ ალ მაქდისი აღწერენ ალ ქაიდას, როგორც "ორგანიზაციული სტრუქტურის" გარეშე არსებულს, იუწყება „The Guardian“-ი. მაქდისის განცხადებით, ალ ქაიდას ლიდერი ,აიმან ალ-ზავაჰირი, იზოლირებულია მისი ლეიტენანტებისგან და მუშაობს მხოლოდ ერთგულების საფუძველზე. ქათადა, რომელიც დეპორტირებულ იქნა იორდანიაში ბრიტანეთიდან 2013 წელს, ტერორიზმის ბრალდებით, ასევე აღიარებს, რომ ISIS-ს აქვს უკეთესი შედეგი ალ-ქაიდასგან განსხვავებით პროპაგანდის გავრცელებაში, ისევე როგორც ბრძოლის ველზე.
ავტორი: მიხეილ დავიდოვი