ცალფეხა, ცალთვალა და სახეზე შავი ლენტით - ადამიანების უმრავლესობას დაახლოებით ასე წარმოუდგენია მეკობრეები. სიმართლე გითხრათ ისინი არ ცდებიან, მაგრამ ეს ის მეკობრეები არ არიან, რომელზედაც ახლა გიამბობთ. ისინი დიდი ხნის წინათ ჩაბარდნენ წარსულს და მხოლოდ ჰოლივუდურ ფილმებში შემორჩნენ პირვანდელი სახით. სხვათა შორის, ის მეკობრეები, რომლებზეც საუბარს ვაპირებ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტრები არიან ჰოლივუდისა და ზოგადად კინო თუ მუსიკალური ინდუსტრიისა. მეკობრეობა - XXI საუკუნის ახალი კრიმინალური სენია, რომელმაც განვითარება ჯერ კიდევ XX საუკუნეში მუსიკალური ფირფიტების კუსტარულად დამზადებითა და უკანონოდ გავრცელებით დაიწყო. მართალია ეს არალეგალური ბიზნესი არც ისე შემოსავლიანი იყო, თუმცა იგი მაინც არსებობდა და ფეხი მოიკიდა მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. უნდა აღინიშნოს, რომ ფირფიტები არ კოპირდებოდა. მაშინდელი ტექნოლოგიები ამის საშუალებას არ იძლეოდა. მეკობრულ ფირფიტებზე იწერებოდა უცნობი მომღერლების მიერ შესრულებული სიმღერები, რომლებიც აყალბებდნენ საკუთარ პიროვნებას და შესაბამისად მსმენელის გემოვნებასაც. მეკობრეობა საქართველოსთვის მეტად აქტუალური პრობლემაა და განიხილება ბარიერად ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი მუსიკალური, კინო და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ბაზრისათვის. მეკობრეობა არ შეიძლება მხოლოდ ეკონომიკურ საფრთხედ იქნეს განხილული. თუ გავითვალისწინებთ, დაინტერესებული ქვეყნების სადაზვერვო ინტერესებს, მეკობრეობის ექსპორტი დაზვერვას დაქვემდებარებულ სახელმწიფოში, ამავე სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესების მნიშვნელოვანი დაზიანების უზრუნველსაყოფად არის ორგანიზებული. ეს ძალზედ წააგავს, უკვე კარგად აპრობირებულ მეთოდს კორუფციის ექსპორტის მხრივ. იმ დროისთვის არანაკლებ აქტუალური იყო ეს საკითხი პრესაშიც, რამაც რუსეთი, როგორც მეკობრული ბიზნესის სამშობლო, აიძულა მიეღო მთელი რიგი კანონებისა ამ ფაქტების ასაკრძალად. რუსეთი ამ კანონებზე დღემდე აქტიურად
მუშაობს, თუმცა შედეგი არაადეკვატურია შექმნილი რეალობისა. კონტრაფაქტული მუსიკალური ფირფიტებიდან არალიცენზირებულ კომპაქტ დისკებამდე ამ ბიზნესმა დიდი გზა გაიარა. საბჭოური აზროვნება, პოლიტიკური კულტურა და კორუფციის სიყვარული, საქართველოში დიდ ხანს იყო შემორჩენილი ტრადიციად და წლების მანძილზე იგი უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. თუმცა საბედნიეროდ დღეს საქართველომ მოახერხა თავი დაეღწია ამ ყველფრისგან. დღეს იგი უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი და ევროპულია. ამდენად, ასეთ გარემოში დიდი მნიშვნელობა აქვს
კარგი საინვესტიციო ბაზრის შექმნას ყველა სფეროში. შესაბამისად დგება საკითხი უამრავი ტექნოლოგიური პრობლემის, მათ შორის ”მეკობრული ბიზნესის” საკითხის გადასაწყვეტად.
ბოლო მონაცემებით, საქართველო კვლავ ლიდერობს კომპიუტერული უზრუნველყოფის მეკობრულად გზით გავრცელებაში. რუსეთი კი ამავე მონაცემების მიხედვით მე-15-ე ადგილზეა. საზოგადოებაში მეკობრეობის პრობლემის მიმართ საკმაოდ ზედაპირული მიდგომა იგრძნობა, რადგან მომხმარებლებს არ აქვთ სრულფასოვანი ინფორმაცია მის შესახებ, რაც თავის მხრივ იმის შედეგია, რომ ამ საკითხებით საკმარისი რაოდენობისა და კომპეტენციის ადამიანები არ ინტერესდებიან. პრობლემას ყველა ხედავს, მხოლოდ გადაჭრის გზას ეძებენ სხვაგან. კომპიუტერის რიგითი მომხმარებლისთვის ერთი შეხედვით უმჯობესია, რომ იაფფასიანი მეკობრული პროდუქცია შეიძინოს ვიდრე ორიგინალი მწარმოებლის ლიცენზირებული პროდუქცია. ამისაკენ მას მხოლოდ ფასთასხვაობა უბიძგებს. შესაბამისად მიზეზი მხოლოდ ერთია - დაბალი ფასი. მაგრამ არსებობს უამრავი მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიძინოს მომხმარებელმა ლიცენზირებული პროდუქცია. მათგან შეგვიძლია გამოვყოთ ძირითადი უპირატესობები:
უსაფრთხოება
ორიგინალი პროგრამული უზურნველყოფა უსაფრთხოა, მაშინ როდესაც მეკობრული პროდუქციის უმრავლესობა მოდიფიცირებულია და ატარებს საზიანო ხასიათს. გარდა იმისა, რომ უფასო სარგებობისა და საკუთარი კომერციული მიზნებისათვის მეკობრეები მას ტეხენ და აზიანებენ, ისინი ასევე ატარებენ მზაკვრულ პოლიტიკას. კერძოდ, ამ პროგრამულ უზრუნველყოფას თან
ურთავენ საკუთარ ჯაშუშურ და მავნებლურ პროგრამებს, რომლებიც ან აზიანებენ კომპიუტერს ან იპარავენ პირადი ხასიათის შემცველ ინფორმაციას. არსებობს ამგვარი ინფორმაცია თავს იყრის ჰაკერთა სხვადასხვა დაჯგუფებებში, რომლებიც შემდგომში სხვადასხვა მიზნებისათვის გამოიყენება.
ხარისხი
ლიცენზირებული და ორიგინალი პროგრამული უზრუნველყოფა ყოველთვის უფრო გამართულად მუშაობს და ხარისხიანია ვიდრე მეკობრული. უფასო ალტერნატივა კი დამახინჯებულ ვერსიას წარმოადგენს, რადგან ორიგინალის გატეხვისა და გაუფასურების პროცესში უამრავი რამ ფუჭდება პროგრამაში და ბუნებრივია ის ისე გამართულად ვეღარ იმუშავებს, როგორც პირვანდელი სახით
მუშაობდა.
გარანტია და ტექნიკური მხარდაჭერა
ბუნებრივია, როდესაც მეკობრული გზით შეიძენთ პროგრამულ უზრუნველყოფას და რაიმე პრობლემა ან გაუგებრობა წარმოიშობა, მეკობრეს, რომლისგანაც მეასედ ფასად შეძენილია კონკრეტული პროგრამა მომხმარებელი ვერ მოთხოვს დახმარებას. წარმოიდგინეთ, რომ ასეთი გზით შეიძინეთ ტექსტური რედაქტირების პროგრამა, რომელშიც რამოდენიმე თვის, კვირის განმავლობაში
წერდით მნიშვნელოვან სტატიას ან სულაც წიგნს. უცებ მოხდა ისე, რომ პროგრამა ”გაიჭედა” და თქვენი ნაშრომი უკვალოდ გაქრა, რაც სავსებით ბუნებრივია მეკობრული პროგრამების შემთხვევაში. წარმოიდგინეთ თქვენი თავი ასეთ სიტუაციაში. თქვენ ვერავის ვერაფერს მოსთხოვთ და ეს სრულიად სამართლიანი იქნება. ამ დროს, ლიცენზირებული პროგრამის მომხმარებელს შეუძლია ტექნიკური დახმარების ჯგუფს მიმართოს და აღადგენინოს ნამუშევარი. უკიდურეს შემთხვევაში თუ პრობლემა ვერ მოგვარდება მომხმარებელს ასევე შეუძლია ზარალის ანაზღაურებაც მოითხოვოს. მთავარი კი მაინც ისაა, რომ ლიცენზირებული გზით შეძენილ პროდუქტს ასეთი რამ თითქმის არ ემართება.
რეპუტაცია
საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს არაერთი მსხვილი კომპანია და საჯარო დაწესებულება, რომლის შიგნითაც ჯერ კიდევ არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობენ. წარმოიდგინეთ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი კომპანია, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს ეკონომიის მიზნით არალიცენზირებული პროგრამებით უმზადებს შეკვეთას. ეს
ცუდად მოქმედებს არამარტო კომპანიის რეპუტაციასა და საერთო იმიჯზე, არამედ პირდაპირ გავლენას ახდენს მის ფინანსურ მდგომარეობაზე. ბუნებრივია ამგვარ ორგანიზაციას სოლიდურ შეკვეთას ნაკლებად ანდობენ. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი ფაქტორია ბიზნეს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედებისა.
კომფორტი
როდესაც ლიცენზირებული გზით იძენთ პროგრამას, როგორც წესი რეგისტრირდებით მისი მწარმოებელი კომპანიის ვებ-გვერდზე, სადაც უამარვი რამ შეგიძლიათ მიიღოთ: ტექნიკური დოკუმენტაცია, განახლებები (უფასოდ), დამატებითი პროგრამები, ტრენინგები და სხვა მრავალი ისეთი რამ, რაც მეკობრულ პროდუქციასთან შედარებით აშკარა უპირატესობას დაგანახებთ.
აუდიო და ვიდეო პროდუქციის მეკობრულ ვერსიებზეც იგივე პარამეტრები ვრცელდება. ორიგინალთან შედარებით მეკობრულ ალტერნატივას ბევრად დაბალი ხარისხი აქვს, დაახლოებით იმდენჯერ რამდენჯერაც ფასია ნაკლები. ამ ფასად კი ღებულობთ მხოლოდ უხარისხო ყდასა და კოლოფში, მოთავსებულ დისკს, რომელიც ძალიან მოკლე დროში გამოუსადეგარი ხდება. ამ ყოველივეს, თან ახლავს შემცირებული და ამოჭრილი ტიტრები. ორიგინალს კი, როგორც წესი, მრავალი ბონუსი გააჩნია. მაგალითად, ფილმის შეძენისას, გარდა იმისა, რომ ვღებულობთ საუკეთესო ხარისხის ვიდეო გამუსახულებას და რეალისტური ხმის ეფექტებს, ასევე შეგვიძლია ვიხილოთ საინტერესო ვიდეო დანართებიც. მაგალითად, ფილმის მსახიობების ინტერვიუები, გამოტოვებული კადრები, საინტერესო ისტორიები და სხვა. ერთი სიტყვით, მეკობრული პროდუქცია ახლოსაც კი ვერ მივა იმ სიამოვნებასთან, რასაც მომხმარებელი ლიცენზირებული პროდუქციით ღებულობს.
მეკობრეობის აღკვეთა ძალზედ მტკივნეულ რეფორმებს უკავშირდება და ამგვარ პროექტებთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება არსებობს. პირველ რიგში, თავად მეკობრეობის აღკვეთა წარმოადგენს დილემას. ერთი მხრივ, არსებობს სახელმწიფოებრივი და გლობალური მიდგომა, ხოლო მეორე მხრივ მომხმარებლები, რომლებსაც არ სურთ დაელოდონ გლობალურ ტენდენციებს და
არ არიან მზად ფინანსურად, შეიძინონ ორიგინალი პროდუქცია. ამგვარ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის კოოპერაციაა, რათა დაბალანსებული, ოპტიმალური ფორმით მოხდეს მეკობრეობის აღმოფხვრა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მომხმარებელთა ჩართულობაც, რა მხრივაც საზოგადოებრვივი ცნობიერების ამაღლება გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს.
ლაშა პატარაია
კიბერ უსაფრთხოებისა და ეთიკური ჰაკინგის სწავლა ახლა უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. იხილეთ CASE-ის სპეციალური სერტიფიცირებული კურსები მეტი ინფორმაციისთვის