25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურამ ფუნდამენტური ტრანსფორმაცია განიცადა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებმა შეცვალა არა მხოლოდ საფრთხის აღქმის პარადიგმა, არამედ სახელმწიფოთა შორის ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის განაწილების ლოგიკაც. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც აქამდე უპირატესად სახელმწიფო ინსტიტუტების პრეროგატივად მიიჩნეოდა, გაფართოვდა და ცალკეული მოქალაქის ცნობიერების დონე მოიცვა, უსაფრთხოება გახდა არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საგანი.
11 სექტემბერმა დააჩქარა ანტიტერორისტული ღონისძიებების ფორმირება, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ტერორიზმის საკითხის მასშტაბური ინსტიტუციონალიზაცია სახელმწიფო სტრუქტურების, სადაზვერვო სააგენტოების, კვლევითი ცენტრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე. პროცესი, რომელიც პირდაპირ აისახა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიების, კანონმდებლობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატების ტრანსფორმაციაში. ეს ტენდენცია ეფუძნება პოლიტიკურ დაშვებას, რომ ინფორმირებული და მობილიზებული საზოგადოება სახელმწიფოს უსაფრთხოების პოლიტიკის ღირებული აქტორია, ინდივიდის ერთი შეხედვით უმნიშვნელო ქმედებამ შესაძლოა პირდაპირი გავლენა იქონიოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები დღის წესრიგიდან არსად გამქრალა, არამედ იგი მუდმივად ადაპტირდება გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან და ძალაუფლების ახალ კონფიგურაციებთან ერთად. დღეს, ისე როგორც არასდროს, აქტუალურია კიბერსივრციდან მომდინარე ტერორისტული და ჰიბრიდული საფრთხეების ეფეფქტიანი მართვა, რაც მოითხოვს არა მხოლოდ ტექნიკურ, არამედ უსაფრთხოების არქიტექტურის ადაპტირებას ძალაუფლების, სუვერენიტეტისა და საერთაშორისო წესრიგის ცვალებად რეალობასთან.

