თერნერის დღიურები

ავტორი:
განთავსებულია:
17 ნოე 2020

წიგნთან ასოცირებული კრიმინალი
William Luther Pierce “The Turner Diaries”
თეთრი ნაციის უპირატესობა, მასზე დაფუძნებული ძალადობა - ეს ის საკითხია, რომელიც კვლავაც ინარჩუნებს აქტუალურობას. აღნიშნული წიგნი არაერთ ტერაქტსა და ძალადობრივ აქტს დაედო საფუძვლად.

უილიამ ლუთერ პირსი გახლდათ თეთრი ნაციის სეპარატისტთა ნაციონალური ალიანსის ლიდერი და ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი. მან თავისი ცნობილი ნოველები “თერნერის დღიურები” და „მონადირე” ფსევდონიმით გამოაქვეყნა.
მან საერთაშორისო დონის ყურადღება მიიპყრო, როდესაც ოკლაჰამა სითის დაბომბვის შემდეგ გაირკვა, რომ აფეთქების ავტორი, ტიმოტი მაქვეი, სავარაუდოდ, „თერნერის დღიურები“-ს ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
“თერნერის დრიურებში” ასახულია მომავალი, 2099 წლის რასობრივი ომი შეერთებულ შტატებში. დეტალურადაა აღწერილი “რასის მოღალატეების” საჯარო მასიური ჩამოხრჩობები ლოს ანჯელესის ქუჩებში, რასაც მთელი ქალაქის ეთნიკური წმენდა მოჰყვება. წიგნი აღწერს ძალადობრივ რევოლუციას, რომელსაც შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის ჩამოგდებასთან, ბირთვულ ომთან მივყავართ. ასევე, მიმდინარეობს რასობრივი ომი, რომელიც ყველა ებრაელისა და არა-თეთრი ნაციის მასობრივ განადგურებას, მოსპობას გულისხმობს. დღიურის ბოლო ნაწილში, თვითმკვლელი მფრინავი ატომური ბომბით აღჭურვილი ვერტმფრენით მიფრინავს პენტაგონის გასანადგურებლად, რათა სამხედრო ხელისუფლებასაც მოუღოს ბოლო.
აღსანიშნავია, რომ ნოველაში განვითარებული მოვლენები ისეთ დასამახსოვრებელ თარიღებს ემთხვევა, როგორიცაა: გერმანიაში ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლა (30 იანვარი), ჰიტლერის დაბადების დღე (20 აპრილი) და ასე შემდეგ.
“თერნერის დღიურების” ასლი იპოვეს ჯეკობ რობიდას სახლში, რომელიც გეი ბარში ნაჯახითა და რევოლვერით სამ ადამიანს დაესხა თავს. რობიდამ ჯერ ერთი მძევალი და პოლიციის ოფიცერი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
1999 წლის აპრილში ლონდონის ფერადკანიანი, აზიელი და გეი მოქალაქეების დაბომბვითი კამპანიის დროს ბრიტანელმა ნეო-ნაცისტმა, დევიდ კოპელანდმა, სამი ადამიანი მოკლა, ხოლო პოლიციაში დაკითხვისას “თერნერის დღიურების” ციტირებას ახდენდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 1995 წელს დაპატიმრებისას, ტიმოთი მაქვეის აღმოაჩნდა “თერნერის დღიურებიდან” აღებული ქსეროასლები. ტიმოთი მაქვეიმ, რომელიც შეერთებული შტატების არმიის ვეტერანი იყო, 1995 წლის 19 აპრილს ოკლაჰომა სითიში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის შენობა ააფეთქა, რის შედეგადაც 168 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 680 – დაშავდა. ეს შემთხვევა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტამდე ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტერორისტულ აქტად ითვლებოდა.
გარდა ამისა, საინტერესოა რამდენიმე ფაქტი, რაზედაც კანადური ყოვლდღიური გაზეთის ჟურნალისტი, ჯონათან ქეი, თავის სტატიაში წერს. ქეის ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა 2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიის კუნძულ უტოიაზე მომხდარი შემზარავი ტერორისტული აქტის ავტორის, ანდერ ბრეივიკის, 1500 გვერდიან მანიფესტს. ბრეივიკის უთავბოლო და აბნეულ ნაწერში, მის ფანატიკურ და პარანოიდულ მსოფლმხედველობაში, ქეი განზრახ თუ უნებლიე მსგავსებას პოულობს “თერნერის დღიურებთან”. ნორვეგიელი ტერორისტის მსგავსად, პირსის ნოველის მთავარი გმირიც რევოლუციონერი პატრიოტია, რომელიც უპირისპირდება “რასის მოღალატე” ხელისუფლებას.
როგორც ვხედავთ, პირსის ნოველა, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის წინ დაიწერა, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. “თერნერის დღიურები” არაერთი ძალადობრივი თუ ტერორისტული აქტის ორგანიზატორის შთაგონების წყაროდ იქცა. უამრავი უდანაშაულო ადამიანი ამ საბედისწერო ნოველის ზემოქმედების ქვეშ მყოფი კრიმინალის, ნაცისტისა თუ ტერორისტის მხვერპლი გახდა. სამწუხაროა, რომ ყოველთვის იარსებებენ ბოროტი აზრით შეპყრობილი ადამიანები, რომელთა სიძულვილი სადღაც ყოველთვის პოვებს თავის გასავალ არხს.


ავტორი: მაია მათიაშვილი

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!