ქალები „ისლამურ სახელმწიფოში“

ქალები „ისლამურ სახელმწიფოში“

რა მოტივით მიდიან ქალები ისლამური სახელმწიფოს რიგებში საბრძოლველად მიუხედავად მათი როლის დამცირებისა? მიზეზი ინდივიდუალურია, იქნება ეს აღთქმული ბედნიერება, თუ სხვა. 
დღეისათვის, დასავლური ორგანიზაციებისთვის ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ ტენდენციას „ისლამური სახელმწიფოს“ რიგების ქალბატონებით სწრაფი შევსება წარმოადგენს. მიუხედავად ოფიციალური სტატისტიკის არ ქონისა, სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტის (ISD) მკვლევართა მონაცემებით, იგივე დასავლეთიდან ასობით ქალბატონმა მოახერხა „ისლამურ სახელმწიფოს“ შეერთებოდა. მათი მონაცემთა ბაზა ყველაზე ვრცელია, ზოგადად მსგავსი სტატისტიკის წარმოება სხვადასხვა ინტერნეტ-პლატფორმების საშუალებით (Twitter, Facebook, Tumblr., ბლოგები) ხდება. ე.სოლტმანის (ISD მეცნიერ-მუშაკი) თქმით: „ის რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ სტერეოტიპებს ამსხვრევს, მათი ასაკი მერყეობს 13-დან 40 წლამდე, მათ ხშირ შემთხვევაში აქვთ კარგი განათლება, სამსახური და ოჯახები“. 
პრობლემის, სახელად „ქალთა ჰიჯრა ურწმუნოთა მიწებიდან“- „ტრიგერად“ და მაშტაბურობის მიზეზად, შეიძლება მივიჩნიოთ, გავლენიანი მუსლიმი ლიდერების მიერ „ჯიჰად ალ ნიკაჰის" (სექს-ჯიჰადის) შესახებ ვიდეო რგოლის გავრცელება. 2013 წელს ჯიჰადის ახალი სახეობის გამოცხადებამ მსოფლიო გააოგნა, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, როგორც მუსლიმი, ასევე არამუსლიმი მოსახლეობის მხრიდან. განცხადებას, პირველი, 15 წლის ტუნისელი გოგონა, აიშე ალ ბაქრი, გამოეხმაურა, აიშეს ათასობით მიმდევარი გამოუჩნდა. იმისათვის, რომ ეს საქციელი მრუშობაში არ ჩათვლოდათ (რასაც­ ისლამი კრძალავს), მუჰამედ ალ არაფმა შემოიღო „დროებითი ქორწინების“ ცნება თუმცა აქ სიტყვა - შემოიღო არასწორადაა ნახმარი, შემოღება ნოვაციას ნიშნავს, მუსლიმებისთვის კი - „დროებითი ქორწინება“ ძველი ტრადიციაა, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული შიიტებში. 
განცხადებას ყველაზე მძაფრი რეაქცია „ფემინის“ მხრიდან მოყვა, პროტესტის ინსპირატორი (ისევ ტუნისელი) აქტივისტი, ამინა ტაილერი, გახდა. მან სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტოები განათავსა, სადაც ის წელსზევით შიშველია, მის სხეულზე განთავსებული წარწერები კი „მორალს“ უცენზუროდ მოიხსენიებენ. ტუნისელი აქტივისტის მხარდაჭერები შიშობდნენ, რომ შეიძლება ის ამის გამო გაესამართლებინათ და მის მხარდასაჭერად ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, მეჩეთებთან და ტუნისის საელჩოებთან ორგანიზებული აქცია მოეწყო, სახელწოდებით „წელს ზემოთ შიშველი ჯიჰადი“. აქტივისტებმა, რომლებიც თავადაც წელს ზევით შიშვლები იყვნენ, ისლამურ სამყაროში ქალთა უფლებების ხელყოფა გააპროტესტეს.
"ისლამური სახელმწიფო" ქალებს აღთქმულ ბედნიერებას ჰპირდება. ბევრია წასული სამხრეთ და ჩრდილო კავკასიიდან, ზოგადად პოსტ საბჭოთა სივრციდან. დაპირებებში გაწაფულ „ისლამურ სახელმწიფოს“ შექმნილი აქვს გვერდები ქალებისთვის, სადაც მუსლიმანი ქალის ძლიერებასა და მნიშვნელობაზე ესაუბრებიან მომავალ ქალ მოჯაჰედებს. ბევრისთვის, მაგალითის მიმცემი ქალთა ბრიგადა "ალ ჰანსა" გახდა. არაბული სამყაროს ცნობილი­ პოეტესას, ალ ჰანსას, სახელობის ლეგენდარული ქალთა რაზმი, ქმრებისგან დაჩაგრულმა ქალებმა მას შემდეგ შექმნეს, რაც საკუთარი უფლებების დასაცავად ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა რიგებში ჩაეწერნენ.
ქალების ტერერისტულ დაჯგუფებაში შეერთების დამაბრკოლებელი ვერც კაცების სისატიკე გახდა. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ინსტრუქციაც კი გამოსცა, თუ როგორ უნდა დასაჯო და გააუპატიურო ტყვე მონა ქალები, კითხვა-პასუხის ფორმატში დაწერილი პამფლეტი კარგად ასახავს მამაკაცების პოზიციას ქალების მიმართ, შარიათზე დაყრდნობით, უფრო ზუსტად „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ შარიათის ინტერპრეტაციას. (ალ-ჰიმას მიერ გამოცემული ბუკლეტი „Su’al wa-Jawab fi al-Sabi wa-Riqab“ ინგლისურად ახლო აღმოსავლეთის მედია კვლევით ინსტიტუტმა, MEMRI, თარგმნა). მიუხედავად ყველაფრისა, როგორც ჩანს, სექს-მონის დამამცირებელ მდგომარეობაში ყველა ქალი არ იმყოფება, ზოგ მათგანს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, მაგალითად : საჯა ალ-დულაიმი, საჯიდა არ-რიშავი, ოლ ალ-უკეილი. ეს ის ტერორისტი ქალები არიან, რომელთა პატიმრობიდან გასათავისუფლებლად ორგანიზაციის წევრები საკმაოდ „მაღალ ფასს“იხდიდნენ.
მაღალ ორგანიზებული, გააზრებული პროპაგანდის მქონე „ისლამურ სახელმწიფოსაც“ მოსდის შეცდომები, მათ მიერ გაკეთებულმა განცხადებამ: „ყველა კაცი, რომელიც ქალის ხელით მოკვდება, ჯოჯოხეთში მოხვდება“ უამრავ ქურთ ქალს მისცა სტიმული ხელში იარაღი აეღო მათივე წინააღმდეგ საბრძოლველად. 
საღვთო ჯიჰადში მონაწილეობის მიზეზი ყველა ქალბატონს თავისი აქვს, შედეგად მიღებული ბედისწერა კი - საერთო, ხდებიან რა „საველე ცოლები“, ისინი ხშირად ქვრივდებიან, შემდეგ ნაცნობი სცენარით ისევ ქორწინდებიან, უფრო „დაფასებულნი“ კი „მაღალი მისიის ფარგლებში“ სუიციდური ტერორისტის როლში ასრულებენ სიცოცხლეს.

ავტორი: ნინო ვერძაძე

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!