ომის დეფინიცია კლაუზევიცის მიხედვით

ომის დეფინიცია კლაუზევიცის მიხედვით
როდესაც ომის დეფინიციაზეა საუბარი, კარლ ფონ კლაუზევიცი ის სამხედრო თეორიტიკოსია, რომლის მოსაზრებებსაც აუცილებლად უნდა გავეცნოთ. სწორედ ამიტომ, წინამდებარე ბლოგში საუბარია კლაუზევიცის მიხედვით ომის მოკლე განმარტებაზე.
კარლ ფონ კლაუზევიცი იყო პრუსიელი გენერალი და სამხედრო თეორეტიკოსი, რომელმაც თავის ნაშრომში „ომის შესახებ“ კარგად აღწერა, თუ რა არის ომი, როგორ იწყება და როგორ მთავრდება ის, ასევე, რა უნდა გავითვალისწინოთ ომის წარმოებისას.
„ომის შესახებ“ არის წიგნი, რომელზეც ბევრს საუბრობენ. მისი საწინააღმდეგო მოსაზრება იმაში მდგომარეობს, რომ „ომი პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა საშუალებებით“. კლაუზევიცის მტკიცებით, იგი მხოლოდ და მხოლოდ ერთი არჩევანია პოლიტიურ არჩევანთა შორის.
კლაუზევიცმა, ასევე, დაგვიტოვა ომის კლასიფიკაცია, სადაც ის რამდენიმე განსაზღვრებას გვთავაზობს. უპირველეს ყოვლისა, „აბსოლუტური“ და „შეზღუდული“ ომები. „შეზღუდული ომი“, „აბსოლუტური ომისგან“ განსხვავებით, მიზნად არ ისახავს მოწინააღმდეგის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის განადგურებას, შეზღუდული ომის ამოცანა მოწინააღმდეგის იძულება.
ომი კატეგორიაა, რომლის შინაარსი სამ ვითარებას ეყრდნობა: დაპირისპირება, ძალადობა და მოწინააღმდეგის დამორჩილების ნება. ომის ბუნება კი ორგვარია: ობიექტური - ის, რაც ყველა ომისთვის საერთოა: ძალადობა, დაპირისპირება, შემთხვევითობა, გაურკვევლობა. ის უცვლელია კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე. ნებისმიერ ომს კი უნიკალურს ხდის სუბიექტური მხარე, ეს არის სამხედრო ძალები, მათი დოქტრინები, შეიარაღება, სპეციფიკური გეოგრაფიული გარემო და ის შეზღუდვები, რომლებიც თითოეული სამხედრო დაპირისპირებისთვის განსხვავებულია და დამახასიათებელი.
მოწინააღმდეგეს საკუთარი ნება რომ მოვახვიოთ, წინააღმდეგობის უნარი უნდა წავართვათ. სახელმწიფოს წინააღმდეგობის უნარს სამი ფაქტორი განსაზღვრავს - შეიარაღებული ძალები, ტერიტორია, წინააღმდეგობის ნება; ამიტომ, საომარ მოქმედებათა ფოკუსი ამ სამი ფაქტორის ნეიტრალიზაციისკენ უნდა იყოს მიმართული.
ვინაიდან შეიარაღებული ძალები ძირითადი საყრდენია, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, წინააღმდეგობის ნების სიძლიერისა, ძირითადი დარტყმის ობიექტად სწორედ ისინი უნდა იქცნენ. აქედან გამომდინარეობს კლაუზევიცისთვის ერთი მეტად მნიშვნელოვანი დასკვნა: ბრძოლა ომის მოგების ერთადერთი ინსტრუმენტია, ხოლო მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების უთუოდ განადგურება - ერთადერთი სამხედრო ამოცანა.
"ომი არ იწყება მანამ, სანამ დადგენილი არ გვაქვს, თუ რისი მიღწევა გვსურს ომის მეშვეობით და რისი მიღწევა გვსურს ომის მსვლელობისას. პირველი ომის საზრისს წარმოადგენს, ხოლო მეორე - ომის მიზანს". ანუ, ომში რაიმე პაუზა არ გვაქვს, სანამ ერთი მხარე არ გაანადგურებს მეორეს. თუმცა, რეალობა სხვაგვარია იმ მოვლენათა გამო, რომელთაც სახელმწიფოში აქვთ ადგილი და რომლებიც შეხებაშია ომთან. შესაბამისად, ყველა კონფლიქტი იმდენად ინდივიდუალურია, რომ კონკრეტული ომისათვის თეორია ცალკე უნდა აიგოს.

ავტორები:ნინო გაბრიჩიძე , ირაკლი თაბუკაშვილი

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!