CASE-ი კიბერ რეზერვის პროექტის შესახებ

ავტორი:
კატეგორია:
განთავსებულია:
17 ნოე 2020

6 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა რეზერვის სამსახურისა და ახალი გამოწვევების შესახებ. მინისტრის შეფასებით რეზერვი უნდა პასუხობდეს 21-ე საუკუნის გამოწვევს და შესწევდეს უნარი მოქნილი იყოს ყველა საფრთხისათვის შესაბამისი პასუხის გასაცემად.
დღეს ისე როგორც არასდროს ჩვენი ქვეყანა უდიდესი საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას. გამოწვევების, რომლებიც ეხება ჩვენს ეკონომიკას, განვითარებას და რაც მთავარია ეროვნულ უსაფრთხოებას. გამოწვევების, რომლებშიც მთავარი მოთამაშეები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, კიბერ კრიმინალური ორგანიზაციები, კიბერ არმიები და სამთავრობო დაფინანსების ჯგუფები არიან. დღეს აღარ არის საჭირო იმის მტკიცება, რომ ვირტუალურ სივრცეში შექმნილ საფრთხეებს რეალურ სამყაროში კოლოსალური ზიანის მოტანა შეუძლია. არსებული საფრთხეების დიდი ნაწილი სწორედ კიბერ ხასიათისაა. იქნება ეს კიბერ შპიონაჟი, კიბერ ტერორიზმი თუ კიბერ ომები. ამას მარტივი მიზეზები გააჩნია: ეს უფრო ხელმისაწვდომია, ანონიმური და ძალზედ ეფექტურია. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ინტენსიურად მუშაობენ კიბერ დივიზიების შექმნაზე და კიბერ შეტევებს სამხედრო ოპერაციების დონეზე განიხილავენ. ამ პირობებში ჩვენ არ გვაქვს მოდუნების ფუფუნება და ვფიქრობთ, რომ ეს ინიციატივა დროული და ადეკვატურია. უფრო მეტიც, ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტაა რეზერვის საკითხის და არსებული რესურსის ოპტიმალურად გამოყენებისთვის.

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია მიესალმება კიბერ რეზერვის პროექტს და თავდაცვის მინისტრის განცხადებას. ჩვენ არაერთი წელია ვმუშაობთ უსაფრთხოების როგორც პროფესიის განვითარებისთვის და ამ საქმეში უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ კიბერ უსაფრთხოებაა. მთელი ამ დროის განმავლობაში მომზადდა უამრავი პროფესიონალი და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის კერძო და სახელმწიფო სექტორის სხვადასხვა ორგანიზაციებში ჩვენს ქვეყანას გააჩნია ახალგაზრდა, ენერგიული და პატრიოტი პროფესიონალების რესურსი, რომლებიც სიამაყით ჩადგებიან ქვეყნის სამსახურში. ჩვენი მხრივ კი მზად ვართ სრული რესურსით ჩავერთოთ ამ საქმეში და აკადემია სრულ მხარდაჭერას უცხადებს თავდაცვის სამინისტროსა და კიბერ უსაფრთხოების ბიუროს. იქნება ეს ჩვენი საექსპერტო და აკადემიური ბაზა, ანალიტიკური უზრუნველყოფა, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა თუ პარტნიორი ორგანიზაციებისა და მომზადებული სტუდენტების რესურსი. აკადემია იმედოვნებს, რომ პროექტი წარიმართება PPP (Public-Private Partnership) რეჟიმში, რადგან ეს საქმე მოითხოვს ჩართულობას ყველა კომპეტენტური ორგანიზაციისა თუ კერძო პირის, რომელიც ღირებული აქტივი იქნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გამყარებაში.

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!