კიბერ კრიმინალი საქართველოში

ავტორი:
კატეგორია:

მსოფლიოს მასშტაბით კომპიუტერები დღეს უკვე თითქმის სრულად მოიცავს ყველა მნიშვნელოვან ლეგალურ ოპერაციას. მათ შორის საქართველოში იგი უკვე გამოიყენება არამხოლოდ სოციალური კომუნიკაციებისათვის, არამედ კონტრაქტების გასაფორმებლად, შესყიდვების საწარმოებლად და სხვადასხვა ინდუსტრიაში სრულფასოვანი ლეგალური ძალა გაჩნია.

იზრდება რა კომპიუტერის როლი და მისი გამოყენების არეალი სახელმწიფოში, პირდაპირპროპორციულად მატულობს კიბერდანაშაულებების საფრთხეც. შესაბამისად, ჩნდება ახალი, სპეციფიკური და გაჭიანურებული სასამართლო პროცესები, რადგან იურისტებსაც და მოსამრთლეებსაც უჭირთ საქმის არსში სრულფასოვანი გარკვევა. ამგვარ გარემოში სულ უფრო რთულდება როგორც კიბერ დანაშაულებების საწინააღმდეგო საკანონდმებლო ბერკეტების შემუშავება, ისე ზოგადად თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხების საკანონდმებლო დონეზე რეგულირება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხის ირგვლივ სრულფასოვნად და მაქსიმალურად ინფორმირებულნი იყვნენ, როგორც კონკრეტული კომპეტენციის წრეები, ისე სამოქალაქო საზოგადოება. ბოლო პერიოდში საქართველოში არაერთი საკანონმდებლო რეფორმა ჩატარდა, მიღებულ იქნა ახალი კანონმდებლობა კიბერ კრიმინალთან მიმართებაში, სხვადასხვა სამართალდამცავ უწყებებში შეიქმნა ახალი ორგანიზაციული საშტატო ერთეულები, მოხდა პროკურორთა გადამზადება და დავდექით შემდეგი რეალობის წინაშე – ჩვენ გვაქვს კიბერ კრიმინალის შემთხვევები, განახლებული კანონმდებლობა, რომელიც უშუალოდ მიმართულია მასზე და კარგად მომზადებული პროკურორები. ხოლო მეორე მხრივ კი, სრული დისბალანსი. ადამიანი, რომელიც მოყვება კიბერ კრიმინალთან დაკავშირებულ ინციდენტში სამართლებრივი დავის პროცესში სრულიად უძლურია, რადგან საქართველოში

ცოტა ადვოკატი თუ მოიძებნება, რომელიც ერკვევა კიბერ დანაშაულებებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებში. ეს კი ერთ-ერთ მთავარი პრინციპის, მხარეთა თანასწორობის დარღვევას იწვევს, რაც უფრო ფუნდამენტურ საკითხს, სამართლიან სამართალს ეხება. ნებისმიერ სასამართლო პროცესში დაცული უნდა იქნეს მხარეთა თანასწორობის პრინციპი. როგორც კანტი აღნიშნავს, სამართლიანობა უზრუნველყოფილია არა სამართლის პრინცი პებით, არამედ კანონების განხორციელების დემოკრატიული პროცედურით. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – თუ სახელმწიფომ მიიღო კანონმდებლობა, მოამზადა პროკურორები და მეორე მხარეს არ არსებობს ძალა, რომელიც დაიცავს ბრალდებულს სასამართლო პროცესში, თავად სახელმწიფოა ვალდებული საგანმანათლებლო პროგრამებითა თუ ნებისმიერი სხვა საშუალებებით მოამზადოს კვალიფიური ადვოკატები, კიბერ კრიმინალის კუთხით. თუმცა ჩვენ ყოველთვის გვაქვს არჩევანი, მხოლოდ ვისაუბროთ იმაზე თუ რა არის სწორი, ან თავად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები სიტუაციის გამოსასწორებლად.

აღნიშნულ საკითხს კიდევ უფრო მეტ აქტუალობას სძენს ის გარემოება, რომ საკადრო და საკვალიფიკაციო პრობლემები, რომლებიც უკავშირდება სასამართლო პროცესებს შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების რღვევის საფუძველიც გახდეს. კერძოდ, უძველესი პერიოდიდან დღემდე მასშტაბური უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებები უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის, მასობრივი უკმაყოფილებისა და არეულობების საფუძველი ხშირად ყოფილა, რაც შემდგომ სახლემწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის აქსელერატორი გამხდარა კიდეც. ფაქტობრივად სახეზე გვაქვს სადაზვერვო საქმიანობის ერთ-ერთი აქტუალური სქემა, რომელსაც სახელმწიფოები ამა თუ იმ რეგიონში თავისი სასიცოცხლო და სტრატეგიული ინტერესების გასატარებლად დღესაც აქტიურად იყენებენ.

ამრიგად, თვალსაჩინოა კიბერ უსაფრთხოების ლეგალური ასპექტების მნიშვნელობა, როგორც სწორი სამართლებრივი ინტეპრეტაციის კუთხით, ისე საკანანონმდებლო შემოქმედების მიმართულებით.

ლაშა პატარაია

კიბერ უსაფრთხოებისა და ეთიკური ჰაკინგის სწავლა ახლა უკვე საქართველოშიც შესაძლებელია. იხილეთ CASE-ის სპეციალური სერტიფიცირებული კურსები მეტი ინფორმაციისთვის:

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!