საქართველოში პირველი წიგნი კიბერ უსაფრთხოების შესახებ

ავტორი:
კატეგორია:
განთავსებულია:
17 ნოე 2020

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიამ, დღეს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში, კიბერ უსაფრთხოებაზე პირველი წიგნის პრეზენტაცია გამართა – კიბერ კრიმინალი – ლეგალური და სადაზვერვო ასპექტები. პრეზენტაციაზე განხილული იყო საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, რომლებიც უკავშირდება სადაზვერვო ოპერაციებს, ეროვნულ უსაფრთხოებას, სამართლებრივ პრობლემებს და ასევე თანამედროვე ტენდეციებს გლობალური უსაფრთხოების სფეროში.
წიგნის მიზანია მკითხველს სრული ინფორმაცია მიაწოდოს კიბერ უსაფრთხოების და კიბერ კრიმინალის ლეგალურ ასპექტებზე, მათ პარალელებზე სადაზვერვო საქმიანობასთან და თანამედროვე საფრთხეებზე. აღჭურვოს ცოდნით ამ საფრთხეების ანალიზისთვის და სწორი სამართლებრივი ინტერპრეტაციისთვის.
„ბოლო პერიოდში საქართველოში არაერთი საკანონმდებლო რეფორმა ჩატარდა, მიღებულ იქნა ახალი კანონმდებლობა კიბერ კრიმინალთან მიმართებაში, სხვადასხვა სამართალდამცავ უწყებებში შეიქმნა ახალი ორგანიზაციული საშტატო ერთეულები, მოხდა პროკურორთა გადამზადება და დავდექით შემდეგი რეალობის წინაშე – ჩვენ გვაქვს კიბერ კრიმინალის შემთხვევები, განახლებული კანონმდებლობა, რომელიც უშუალოდ მიმართულია მასზე და კარგად მომზადებული პროკურორები. ხოლო მეორე მხრივ კი, სრული დისბალანსია.
ადამიანი, რომელიც მოყვება კიბერ კრიმინალთან დაკავშირებულ ინციდენტში სამართლებრივი დავის პროცესში სრულიად უძლურია, რადგან საქართველოში ცოტა ადვოკატი თუ მოიძებნება, რომელიც ერკვევა კიბერ დანაშაულებებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებში. ეს კი ერთ-ერთი მთავარი პრინციპის, მხარეთა თანასწორობის დარღვევას იწვევს, რაც უფრო ფუნდამენტურ საკითხს, სამართლიან სამართალს ეხება.
ეს არის პირველი პრაქტიკული სახელმძღვანელო საქართველოში, რომელიც კიბერ უსაფრთხოებას ერთდროულად ლეგალურ, ტექნიკურ და სადაზვერვო კუთხით განიხილავს!“
აღნიშნავს წიგნის ავტორი და აკადემიის დირექტორი, ლაშა პატარაია

წიგნი განკუთვნილია იურისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის და უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის და მათ სრულიად ახალ პერსპექტივას აძლევს, რომელიც დაეხმარება უკეთ გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს სფეროებში.
წიგნი 1 იანვრიდან ხელმისაწვდომი იქნება თბილისის წიგნის მაღაზიებში და აკადემიის სასწავლო პროგრამებზე.
უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიამ კიბერ უსაფრთხოების სფეროში ადგილობრივი პუბლიცისტიკის განვითარებისთვის სპეციალური სერიაც შემქნა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია არაერთი ღირებული სახელმძღვანელოს გამოცემა.

Caucasus Academy of Security Experts

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია

©2020 ყველა უფლება დაცულია!